ვინ არის ქართველი ალექსანდრე აკობია, რომელსაც თურქულ სერიალებში შეხვდებით – გაიცანით 38 წლის ზუგდიდელი ჟურნალისტი, რომელიც თურქ ვარსკვლავებთან ერთად რეიტინგულ სერიალებში მონაწილეობს.
“შემქმნელი”, “დამპყრობელი”, “ქვა, ქაღალდი, მაკრატელი”, ” ერთი სიყვარული”, “აზიზი მეჰმედ ჰუდაი”, – ეს თურქული რეიტინგული სერიალების არასრული ჩამონათვალია, რომელიც ქართველი მაყურებლისთვის კარგად ნაცნობია, თუმცა უმრავლესობისთვის სრულად უცნობია, რომ ამ სერიალებში არც მეტი არც ნაკლები, ქართველ მსახიობს ალექსანდრე აკობიას შეხვდებით.
38 წლის ალექსანდრე აკობია წარმოშობით ზუგდიდელია, პროფესიით ჟურნალისტი. წლების წინ, თურქეთში ემიგრანტად წავიდა, საიდანაც დაიწყო მისი როგორც თავად უწოდებს, სიურპრიზებითა და მრავალფეროვნებით სავსე ცხოვრება, რომელიც ნამდვილად გავს სერიალს. თანამშრომლობს ერთ-ერთ ცნობილ ღია ქასთინგების სააგენტოსთან, რომლის მეშვეობით ალექსანდრეს, თურქ ვარსკვლავებთან ერთად, სერიალებში ხშირად იღებენ.

,,წლების წინ ერთ სააგენტოსთან მქონდა კონტრაქტი, რამოდენიმე სერიალში მივიღე მონაწილეობა და სულ ეს იყო. გავიდა წლები და სააგენტო ისევ დამიკავშირდა, მითხრეს რომ ჩემი ტიპაჟის მქონე დამხმარე მსახიობი სჭირდებოდათ და თუ დრო და სურვილი მექნებოდა, ჩემთან უნდოდათ თანამშრომლობა. მეც დავთანხმდი, რადგან ყოველთვის მომწონდა გადაღების პროცესი, კამერასთან ურთიერთობა…მართლა საინტერესო იყო თურქეთის ყველაზე ცნობილ მსახიობებთან ერთად თუნდაც რაღაც პატარა სცენებში მონაწილეობა,” – ამბობს STV-თან საუბარში ალექსანდრე აკობია.
ამბობს, რომ ძალიან გაუმართლა და სააგენტოში ჯერჯერობით, ერთადერთი ქართველი მსახიობია, რომლითაც ხშირად ინტერესდებიან და თანამშრომლობენ. გვიყვება, გადაღების საინტერესო პროცესზე, რომელსაც სირთულეები და ბევრი მოულოდნელობა ახასიათებს, რაც მისთვის ერთგვარი თავგადასავალია და ამასთანავე დიდი გამოცდილებაც.




,,გადაღების პროცესი იმითაა საინტერესო, რომ შიდა სამზარეულოს ეცნობი, შენც გადაღების პროცესში მონაწილეობა, რაღაც შენი პატარა წვლილი შეგაქვს ამ სერიალის შექმნაში. მიუხედავ იმისა რომ დამხმარე მსახიობი ხარ, შენზე ბევრია დამოკიდებულია…სირთულეები იმაში მდგომარეობს, რომ გადაღებები სტამბულის გარეუბანში, სპეციალურ პავილიონებში მიმდინარეობს, ზამთარში საშინელი ყინვებია, თუმცა ყველაზე ძნელი მაინც ზაფხულის გადაღებებია, რადგან ის ტანსაცმელი რომელიც უნდა მოვირგოთ, ძალიან სქელია და ცხელი, თუმცა ამ ყველაფერს მაინც თავისი ხიბლი აქვს და ამ სიძნელეებს აღარ ამჩნევ”.
ფილმებში მონაწილეობა და კამერასთან მუშაობა ბავშვობიდან იზიდავდა, თუმცა ბედის საძიებლად ჯერ ზუგდიდიდან თბილისში, შემდეგ თბილისიდან თურქეთში შეიცვალა მარშუტი, სადაც მრავალფეროვნების მოყვარულმა ჟურნალისტმა, ბევრი მიმართულებით სცადა ბედი და მსახიობობის გარდა სხვადასხვა პროფესიაც შეითვისა, ბოლო ორი წელია, თარჯიმანია და წარმატებით მუშაობს “აჯიბადემის” კლინიკაში.

“წარმოშობით ვარ ზუგდიდიდან. დავამთავრე ჟურნალისტიკის ფაკულტეტი, ასევე ვარ კონფლიქტების მართვისა და ანალიზის მაგისტრანტი… წლები ვმუშაობდი თბილისში, პრესაში…შემდეგ მოხდა ისე რომ თავი დავანებე პროფესიას და თურქეთში გადავედი საცხოვრებლად. თავიდან არც ენა ვიცოდი და არც რამე სხვა ხელობა, რომ მემუშავა, ამიტომ მუშაობა დავიწყე ფაბრიკაში, ტექსტილზე. ნელნელა ვისწავლე თურქული ენა, ჯერი დადგა ახალი პროფესიის არჩევაზე და არჩევანი მასაჟისტობაზე გავაკეთე. ორი წელი ვისწავლე სტამბულის “ბაკირკოის მასაჟის სკოლაში”, წლები ვიმუშავე ანტალიაში, სასტუმროში. ბოლო ორი წელია რაც თარჯიმნად ვმუშაობ აჯიბადემის საავადმყოფოში, ასევე შაბათ-კვირას გადაღებებზე დავდივარ… მომავალში რა იქნება არ ვიცი, თუმცა მოხარული ვიქნები რამე როლს თუ შემომთავაზებენ, მაგრამ სხვა ქართველიც თუ იქნება თურქეთში პოპულარული მსახიობი, ძალიან გამიხარდება. ჯერ კიდევ არ გვიცნიბენ თურქები კარგად, არ იციან ჩვენი კულტურა, ისტორია… მიხარია რომ პირველი ქართველი ნანა სტამბოლიშვილია ვინც შეძლო და როლი მოიპოვა, თურქებს რაღაც დონით გააცნო საქართველო…”.

მომავალში ისევ საკუთარი თავის ძიებისთვის მრავალფეროვანი გეგმები აქვს, თუმცა რეალისტია და წინასწარ არ უყვარს საუბარი, თუმცა ერთი რამ გაგვიმხილა, სურს საქართველო უკეთ გააცნოს თურქულ საზოგადოებას და ამაში როგორც მსახიობმა მცირე წვლილი მაინც შეიტანოს.
STV-ს გუნდი ალექსანდრე აკობიას წარმატებებს უსურვებს და იმ იმედით ვემშვიდობებით, რომ ქართველი ახალბედა მსახიობი სიახლეებით ხშირად გაგვახარებს.

ცნობილ თურქ მსახიობთან ბერგიუზარ ქორელთან გადასაღებ მოედანზე
