15 წლიანი პაუზის შემდეგ, სამშობლოში რინგზე მსოფლიოს ჩემპიონი კიკბოქსინგში დავით ქირია გადის. ქართველი სპორტსმენი 7 დეკემბერს, თბილისის სპორტის სასახლეში, IFC -ის და MAX FIGHT-ის ერთობლივი ღონისძიებაზე იასპარეზებს. დავით ქირია Striking MMA-ში ჩემპიონის ქამრისთვის პორტუგალიელ ლუკას კარლოს და სილვას დაუპირისპირდება.
გულშემატკივარი MMA-ში 9 ბრძოლას იხილავს, 4 დაპირისპირება კი Striking MMA-ში გაიმართება.
დავით ქირია 20 წელია კიკბოქსინგში ასპარეზობს და მსოფლიოს ჩემპიონობასთან ერთად არაერთი გამარჯვება აქვს მოპოვებული.
7 დეკემბერს IFC -ის და MAX FIGHT-ის ღონისძიებაზე გულშემატკივარი ქართველი და უცხოელი მებრძოლების დაძაბულ დაპირისპირებებს იხილავს. შეჯიბრში 10 სხვადასხვა ქვეყნის სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. ივენთი თბილისის სპორტის სასახლეში 19:00 საათზე დაიწყება.
მოახლოებული ბრძოლისა და საქართველოში საბრძოლო სახეობების განვითარების შესახებ, დავით ქირიამ La Gazzetta dello Sport Georgia-სთან ისაუბრა:
– 7 დეკემბერს კვლავ იბრძოლებ ქართული გულშემატკივრის წინაშე, რა განცდა გაქვს?
– ბოლოს საქართველოში 15 წლის წინ ვიბრძოლე და ახალ ისევ ვიასპარეზებ სამშობლოში. ქართველ გულშემატკივართან შეხვედრა უდიდესი პასუხისმგებლობაა, ყველაფერს ვაკეთებ, რომ ქართული დროშით გამარჯვება მოვიპოვო.
– როგორ ფორმაში ხვდები ბრძოლას და რას იტყვი მეტოქეზე?
– რვა კვირიანი მზადება გავიარე, კარგ ფორმაში ვარ. აწონამდე რამდენიმე დღე რჩება. მადლობა ჩემ გუნდს, ყველაფერი გააკეთეს რომ კარგ ფორმაში ვყოფილიყავი და მჯერა გავიმარჯვებ.
– მსგავსი ტურნირების ჩატარება რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის?
– უდიდესი მნიშვნელობა აქვს ასეთ ტურნირებს, საერთაშორისო დონის ღონისძიებების მასპინძლობა ძალიან მნიშვნელოვანია, ხელს უწყობს MMA-ს განვითარებას, სტიმულია სპორტსმენებისთვის, ასევე ქვეყნისთვის და ერთობლიობაში კარგ შედეგს მოიტანს.

– რას იტყვი აღნიშნულ ტურნირში მონაწილე ქართველ სპორტსმენებზე?
ძალიან საინტერესო ღონისძიება იქნება, გულშემატკივარი 13 ბრძოლას იხილავს. მსგავსი ტურნირები ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის ახალი შესაძლებლობაა. ასეთი ტურნირები ხელს უწყობს ქართველი სპორტსმენების განვითარებასა და კარიერულს წინსვლას.
– ბოლო პერიოდში საბრძოლო სახეობების მიმართ საქართველოში ინტერესი გაიზარდა, რაც ქართველების წარმატებას უკავშირდება, შენი კარიერის საწყისი ეტაპი რომ შეადარო, რა ვითარება იყო მაშინ და სადაა ახლა ქართული კიკბოქსინგი და საბრძოლო სახეობები?
– ბოლო წლებში განსაკუთრებით UFC-ში ქართველების ისტორიული გამარჯვების შემდეგ, რა თქმა უნდა საბრძოლო სახეობები პოპულარული გახდა. MMA-მდე იყო კიკბოქსინგი, სადაც წარმატებით ვიბრძოდი გავხდი Glory-ს ჩემპიონი, ვიბრძოდი ONE Championship-ში და ყველაფერს ვაკეთებდი ჩვენ ქვეყანაში კიკბოქსინგის პოპულარიზაციისთვის. ამ დროისთვის პროფესიონალ კიკბოქსინგში უკეთესი სიტუაციაა ვიდრე ადრე.
– პირადად შენ ავარჯიშებ ახალგაზრდებს და ჩამოაყალიბე აკადემია, ბავშვების ჩართულობა საბრძოლო ხელოვნებებში რამდენად იზრდება?
– დაახლოებით, 3-4 წლის წინ დავაფუძნე MAX FIGHT-ი და რეგულარულად ვატარებთ ღონისძიებებს კიკბოქსინგში, რაც ჩვენ ქვეყანაში ამ სახეობის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. ახალგაზრდა კიკბოქსიორებს საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის შესაძლებლობა ეძლევათ და ასევე უცხოელი მაღალი დონის სპორტსმენები ასპარეზობა ჩვენ ტურნირებზე კონკურენციას ზრდის.

– თანამედროვე კიკბოქსინგი რამდენად მომგებიანია კომერციული თვალსაზრისით?
– კიკბოქსინგი საკმაოდ პოპულარული სპორტია და მსოფლიო მასშტაბით არის ძლიერი ორგანიზაციები, რომლებიც საერთაშორისო ღონისძიებებს ატარებენ. კომერციული თვალსაზრისითაც საინტერესოა. ახალგაზრდებს ვურჩევ დაკავდნენ კიკბოქსინგით.
– MMA-ში კიკბოქსინგის მიმართულება რამდენად მნიშვნელოვანია?
– კიკბოქსინგის კარგად დაუფლება MMA-ში ძალიან მნიშვნელოვანია და ამის არაერთი მაგალითი გვაქვს, მაგალითად პერეირა, რომელიც UFC-ის ვარსკვლავია, მას უდიდესი გამოცდილება აქვს კიკბოქსინგში. MMA უნივერსალური სპორტია, როდესაც ფეხზე დგახარ და სტრაიკიგს გთავაზობს მოწინააღმდეგე მაღალ დონეზე უნდა შეგეძლოს ბრძოლის ჩატარება, როდესაც პარტერში შემოდის ასევე თავის დაცვა უნდა შეგეძლოს, საბოლოოდ, ვთანხმდებით, რომ MMA სანახაობრივია მაშინ როდესაც არის ბრძოლა დგომში.
– რას ურჩევ ახალგაზრდა და დამწყებ სპორტსმენებს?
– ყველას ვეტყვი რომ შრომის გარეშე არაფერი გამოვა, ყველა წარმატებული სპორტსმენი იმავეს გეტყვით, მონდომება და შრომა მოიტანს შედეგს. ბევრ რამეზე მოგიწევთ უარის თქმა, მაგრამ შრომა და საკუთარ თავზე მუშაობა დასახულ მიზნამდე აუცილებლად მიგიყვანთ.
ავტორი: ხატია ცარციძე

