STV
კულინარია

გებჟალიას მომზადების წესი და კავშირი მზესთან

დღეიდან ახალი ამბების სააგენტო STV ავთენტური გასტრო კულტურისა და გასტრტურიზმის პოპულარიზაციისთვის გთავაზობთ ცნობილი და მივიწყებული მეგრული, აფხაზური და სვანური კერძების მომზადების წესს.

ამჯერად ჩვენი ახალი რუბრიკის ფარგლებში გებჟალიას მომზადების წესს გაგაცნობთ. გებჯალიას მეგრელები განსაკუთრებული რუდუნებით ამზადებენ, ის ამ კუთხის ერთ-ერთი მთავარი და ავთენტური კერძია. არსებობს მოსაზრება, რომ მეგრელები მისი მომზადებისას მზისადმი მიძღვნილ რიტუალს ასრულებენ. ამ მოსაზრებას ისიც ამყარებს, რომ მეგრულად მზესა და რძეს „ბჟა“ ჰქვია. ტრადიციული გებჟალიის ფორმაც მრგვალია და მზეს განასახიერებს, თუმცა დღეს ამ კერძს სხვა ფორმითაც ამზადებენ. 

მომზადების წესი:

წყალი ჩაასხით ქვაბში და გააცხელეთ დაახლოებით 85 გრადუსამდე. ჩაყარეთ თხლად და მრგვლად დაჭრილი ჭყინტი ყველის ნაჭრები (შესაძლოა ყველის რძეში მოხარშვაც), როდესაც ყველი დარბილდება, ხის კოვზით მოურიეთ. ერთგვაროვანი წელვადი ცომისებური მასის მიღების შემდეგ სწრაფად გადმოიტანეთ ლანგარზე, მოზილეთ და გააბრტყელეთ 2-3 მილიმეტრის სისქის ფირფიტებად.

გაასუფთავეთ პიტნის ფოთლები, დაკეპეთ, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ქინძი, დაღერღილი წიწაკა და მარილი გემოვნებით. ყველის გაბრტყელებულ ფირფიტას გადაუსვათ მიღებული მასა (ნაწილი მოიტოვეთ სოუსისთვის) და გადაახვიეთ რულეტივით, ასე დატოვეთ გაციებამდე.

შემდეგ უნდა მომზადდეს სოუსი. მაწონს შეურიეთ პიტნის, წიწაკის და ქინძის შერეული მასა და დაუმატეთ დაჭყლეტილი ნიორი.

რულეტი საჭერით თხელ ნაჭრებად და მოათავსეთ მაწვნის სოუსში. მირთმევამდე გავაჩეროთ 1 საათი ანა მეტი ხანი.

ინგრედიენტები:

  • 800 გრამი ჭყინტი ყველი
  • 150 გრამი პიტნა
  • 700 გრამი მაწონი
  • 700 მლ წყალი (ან ერთი ლიტრი რძე)
  • 35 გრამი ქინძი
  • 5 გრამი დაღერღილი წიწაკა
  • 15 გრამი ნიორი (5-7 კბილი)
  • მარილი გემოვნებით

მომზადებულია გამოცემა „ტაბლას“ მიხედვით.

მსგავსი სიახლეები

ქუმუ / აფხაზური ვერსია

რედაქტორი